შენგელიამ ევროლიგა 13 ქულით და გასვლითი გამარჯვებით გახსნა

შენგელიამ ევროლიგა 13 ქულით და გასვლითი გამარჯვებით გახსნა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგა გამარჯვებით გახსნა. ევროპის ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ტურნირის პირველ ტურში ბასკონიელები კაუნასში ჟალგირისს შეხვდნენ და 12 ქულის სხვაობით – 70:58 დაამარცხეს.

გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ფორვარდმა, რომელიც მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში იუბილარი გახდა (5 ოქტომბერს შენგელიას 28 წელი შეუსრულდა). თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 31:47 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 7-დან 6 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი გააცუდა. ბასკონიელთაგან 19 ქულით საუკეთესო შეივონ შილდსი იყო.

შემდეგ ტურში, 11 ოქტომბერს, ბასკონია მოსკოვში ხიმკის შეხვდება, რომელიც წლეულს ძალიან ძლიერია და ოთხთა ფინალში გასვლის ჯანსაღი ამბიციაც გააჩნია.