შენგელიამ ევროლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა

შენგელიამ ევროლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა

თორნიკე შენგელიამ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა „შარლერუაში“ და მისასალმებელია, რომ ეს ევროპის ყველაზე საუკეთესო საკლუბო ლიგაში გააკეთა. მართალია, ევროლიგის მორიგ ტურში შარლერუელები დამარცხდნენ, თუმცა ქართველ გულშემატკივარს  20 წლის ქართველი ფორვარდის კარგი თამაშით შეუძლია იამაყოს. შენგელიამ ევროლიგაში პირადი რეკორდი გაიუმჯობესა. აქამდე მას ყველაზე მეტი ქულა (11) მადრიდის „რეალთან“ ჰქონდა 2 კვირის წინ ჩაგდებული, ახლა კი 16 მოაგროვა.
 

 
„შარლერუა“ ბელგრადში „პარტიზანს“ ესტუმრა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 81:91 წააგო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ შარლერუელები მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც თავისი გაიტანეს. შენგელია ტრადიციულად ხუთეულში იყო და მოედანზე 20,44 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. 16 ქულასთან ერთად შენგელიას ანგარიშზე 3 მოხსნაც იყო. ის გუნდის ერთ–ერთი საუკეთესო შედეგის მქონე გახლდათ.
 
თორნიკეს გუნდს 1 მოგება და 2 მარცხი აქვს და 3–6 ადგილებს იყოფს „პარტიზანთან“ და „ემპორიო არმანისთან“ ერთად. მორიგ შეხვედრას „შარლერუა“ 10 ნოემბერს შინ „ემპორიო არმანისთან“ გამართავს, რომელიც ამ ტურში შინ თურქულ „ეფესთან“ დამარცხდა.