თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში ითამაშა. ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში მომხდარი ინციდენტის გამო დისკვალიფიკაცია ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა ცნობილი იყო, რომ სანქციები ევროლიგაზე არ გავრცელდებოდა და „ლაბორალ კუჩას” ქართველმა ფორვარდმაც ამ ტურნირში ითამაშა.
ვიტორიელებს ძალიან პრონციპული მატჩი ჰქონდათ. შენგელიას გუნდი პლეი ოფი გამსვლელ ოთხეულში გასასვლელად იბრძვის და მორიგ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, არადა მეტოქედ ბობოქარი ცსკა ჰყავდა, რომელიც ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ჩავიდა ესპანეთში.
ვიტორიელებმა შედეგიანად დაიწყეს თამაში და პირველ ტაიმში 16 ქულითაც იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში უპირტესობა ვეღარ შეინარჩუნეს და 74:81 დამარცხდნენ. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთიანობაში 20:04 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამიანი ააცილა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.
ვიტორიელთაგან დიდებულად ითამაშა დარიუს ადამსმა, მაგრამ მისმა 31-მა ქულამ „ლაბორალს” ვერ უშველა. 12 ქულა დააგროვა ფერნანდო ან ემეტერიომ. ცსკა-მ უფრო გუნდურად ითამაშა და მათგან ბომბარდირ ვიტალი ფრიძონს მხოლოდ 13 ქულა დაუგროვდა.
4 მოგებით და 5 მარცხით „ლაბორალ კუჩა” ჯგუფში მე-5 ადგილზეა. 4 მოგება და 4 წაგება აქვს ვიტორიელთა კონკურენტ „ეფესს”, რომელიც ამ ტურის მატჩს 6 მარტს, ესპანეთში, „უნიკახასთან” გამართავს. შენგელიას გუნდს კი მომავალი საევროლიგო მატჩი 12 მარტს, რუსეთში, „ნიჟნი ნოვგოროდთან” ელის.