შენგელიამ მადრიდის “რეალთანაც” ხუთეულში ითამაშა

ზედიზედ მეორედ, ხოლო მიმდინარე სიზონში მესამედ დაიწყო ხუთეულში თამაში ვალენსიური “პამესას” ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ. 17 წლის ქართველ ფორვარდს ამჯერად მადრიდის “რეალთან” პრინციპულ დაპირისპირებაში ენდნენ და „სამეფო კლუბთან“ საბრძოლველად ტავიდანვე გაიყვანეს მოედანზე.
შენგელიამ მოედანზე 11 წუთი გაატარა და ვალენსიელებს 2 ქულა და 2 მოხსნა შესძინა, მისი გუნდი კი დაძაბულ მატჩში 76:80 დამარცხდა.
თორნიკემ 2 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, “პამესას” რიგებში საუკეთესო რაფა მარტინესმა კი 24 ქულა მიითვალა.
14 მოგებითა და 12 მარცხით შენგელიას გუნდი მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
ბოლო პერიოდში გამოცოცხლდა ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელმაც “მურსიას” 83:81 მოუგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 30 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა და მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ.
ტაირონმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
“კახასოლი” 7 გამარჯვებითა და 18 წაგებით მე-15 პოზიციამდე აღზევდა.
 

თორნიკე შენგელია