თორნიკე შენგელიას გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორულმა „ლაბორალ კუჩამ“ ამჯერად სტუმრად, „მანრესსთან“ 85:76 იმარჯვა.
ფავორიტად მიჩნეული „ლაბორალ კუჩამ“ დამაჯერებლად ჩაატარა მთელი მატჩი და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.. თორნიკე შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ლაბორალ კუჩაში“ 14 ქულით და 6 მოხსნით უნგრელი ადამ ჰანგა გამოირჩა, 13 ქულა კი ფრანგმა ფაბიენ კოსიემ დააგროვა. დამარცხებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო სერბი დეიან მუსლი.
12 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი მადრიდის „რეალთან“ ერთად ისევ 3-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი „ლაბორალ კუჩას“ სტუმრად ელის. 17 იანვარს ვიტორიელები „ხუვენტუდს“ დაუპირისპირდებიან.