თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ისე წარმატებით ვერ ასპარეზობს ესპანეთის ჩემპიონატში, როგორც ევროლიგაში. ვიტორიელებმა შიდაჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად, „გრან კანარიასთან“ წააგეს. „ბასკონიამ“ პირველი მეოთხედი 6:22 დათმო, რის შემდეგაც ამაოდ ცდილობდა ვითარების გამოსწორებას, საბოლოოდ კი შეხვედრა 61:74 დათმო.
ქართველი კალათბურთელი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, საბოლოოდ კი, 24:42 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და სამქულიანი ზუსტად სტყორცნა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მეტოქეებს წესების დარღვევა 3-ჯერ აიძულა, თავად კი 5-ჯერ დაჯარიმდა და თამაშის ჩამთავრება ვეღარ მოახერხა.
კანარის კუნძულებზე მარცხის შემდეგ „ბასკონიას“ 8 მოგების წილ 5 მარცხი დაუგროვდა და ცხრილში „ანდორასთან“ და „უნიკახასთან“ 5-7 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს კი ვიტორიელები მომავალი წლის 3 იანვარს, მადრიდში, „რეალთან“ გამართავენ.