შენგელიას 11 ქულა და 6 მოხსნა ცსკა-სთან მოგებულ მატჩში

შენგელიას 11 ქულა და 6 მოხსნა ცსკა-სთან მოგებულ მატჩში

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ მოსკოვის ცსკა დაამარცხა. ევროლიგის ტოპ-16-ის მე-4 ტურში ვიტორიელებმა რუსულ გრანდს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 81:71 სძლიეს. მატჩის ბოლო წამებზე, უიმედოდ მყოფი არმიელების სერბი გამთამაშებელი, მილოშ თეოდოსიჩი მსაჯების შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევეს.

თორნიკე შენგელია ვიტორიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19:47 წუთი გაატარა და გამარჯვებულთაგან მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ თორნიკემ 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, რამაც ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ამდე ასწია. ამ შედეგით შენგელია გამარჯვებულთაგან მე-2 იყო იანის ბურუსისის შემდეგ, რომელმაც 25:25 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ბერძენი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30-ს უწია. ქართველმა ფორვარდმა მეორე მეოთხედის ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური ჩატენვა განახორციელა, როს შემდეგაც ვიტორიელები 39:34 დაწინაურდნენ.
ვიტორიელები მთელი თამაში იგებდნენ, თუმცა ცსკა არ რჩებოდა და გადამწყვეტ იერიშსს ამზადებდა. კაილ ჰაინსის სამქულიანით არმიელები საფინალო სირენამდე 1:31 წუთით ადრე 70:69 დაწინაურდნენ, თუმცა ვიტორიელთა ცენტრმა – იანის ბურუსისმა სამიანი მიითვალა, ვიტორიელებმა დაცვაში ბურთი ზედიზედ აიღეს და ორივე გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინეს – ადამ ჰანგამ და კიმ ტილიმ, რის შემდეგაც თეოდოსიჩს ნერვებმა უმტყუნა და მატჩის ბედიც გაირკვა.
2 მოგებითა და 2 მარცხით „ლაბორალ კუჩა“ ცსკა-ს დაეწია. ტოპ-16-ის პირველ ჯგუფს 3-დან 3 მოგებით „ფენერბაჰჩე“ ლიდერობს. მორიგი მატჩი შენგელიას გუნდს 29 იანვარს, კატალონიაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ელის.