შენგელიას 12 ქულა და ბარსელონასთან ბროლაში წაგებული მატჩი

შენგელიას 12 ქულა და ბარსელონასთან ბროლაში წაგებული მატჩი

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვიტორიელთა მეტოქე ფავორიტი “ბარსელონა” გახლდათ, რომელთანაც შენგელიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 75:81 წააგო. 

ბასკების ქართველი კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 31:43 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თოკომ 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ შენგელია ტრავმით თამაშობდა.

ბასკონიას რიგებში საუკეთესო შეივონ შილდსი იყო, რომელმაც 6 სამქულიანი გამოიყენა და თავი 26 ქულას მოუყარა.

ბასკური კლუბი 2 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. დიდი ალბათობით, გადამწყვეტი მალაგას უნიკახასთან მატჩი იქნება, რომელიც 23 ივნისს შედგება, 25-ში კი, ბასკონიელებს ხუვენტუტთან თამაში ელით.