წარუმატებლად დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. მეოთხედფინალურ სერიში ბასკური კლუბის მეტოქე “სარაგოსა” გახლავთ, შენგელიას გუნდმა კი მოედნის უპირატესობა პირველ მატჩში დაკარგა. სერია 2 მოგებამდე გრძელდება და “სარაგოსასთან” 81:91 წაგების შემდეგ ბასკონიელები 0:1 ჩამორჩნენ. შემდეგი მატჩი სარაგოსაშია და მარცხის შემთხვევაში შენგელიას გუნდი პლეი ოფს გამოეთიშება.
რაც შეეხება სერიის პირველ მატჩს, მასში თორნიკე შენგელიამ 29:33 წუთი ითამაშა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მთლიანობაში 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. შენგელიას საერთო სარგებლიანობის ინდექსმა 23 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ვინსენტ პუარეს ჩამორჩა, ჯაისონ გრეინჯერს კი გაუთანაბრდა. გრეინჯერმა და პუარემ 21-21 ქულა მოაგროვეს.
მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩი სარაგოსაში 2 ივნისს გაიმართბა. ამ წყვილში გამარჯვებულს ნახევარფინალში “ბარსელონასა” და “ხუვენტუდს” შორის უმჯობესი შეხვდება. გიორგი შერმადინის “უნიკახა” ესპანური ლიგის პლეი ოფში დღეს ჩაერთვება. მალაგელები სერიის პირველ მატჩს “ვალენსიასთან”, სტუმრად გამართავენ.