შენგელიას 14 ქულა და მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

შენგელიას 14 ქულა და მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა შიდაჩემპიონატში ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გამაგრდა.

25-ე ტურში ბასკური კლუბი “გიპუსკოა ბასკეტს” ესტუმრა და 84:72 მოიგო, შენგელია კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:01 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
თოკომ 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი სარგებლანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ბასკონიას” 18 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო მატჩს კი 7 აპრილს, შინ, ტრავმირებული ბექა ბურჯანაძის “მორაბანკ ანდორას” წინააღმდეგ ჩაატარებს.