ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურის ბოლო მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მადრიდში “ესტუდიანტესს” ესტუმრა და მცირე სასწაული მოახდინა. ბასკები მე-3 მეოთხედში მეტოქეს 17 ქულის სხვაობით ჩამორჩებოდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და 89:87 გაიმარჯვეს.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:26 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 6-დან 5 ორქულიანი, სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19-ს უწია და ასეთივე მაჩვენებლები ჰქონდათ გერმანელ იოჰანეს ვოიგტმანსა (14 ქულა, 8 მოხსნა) და ურუგვაელ ჯეისონ გრეინჯერს (18 ქულა).
“ბასკონიამ” 11 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და გიორგი შერმადინის “უნიკახასა” და “ფუენლაბრადასთან” ერთად, მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩს კი 4 თებერვალს, შინ, “ბარსელონასთან” გამართავს.