თორნიკე შენგელიამ ნბა-ს განვითარების ლიგაში ითამაშა და „სპრინგფილდ არმორის“ გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო. ქართველ ფორვარდს ისეთი შთამბეჭდავი მაჩვენებლები არ ჰქონია, როგორც D-ლიგაში ჩატარებულ წინა 6 მატჩში, თუმცა შენგელიას გამოსვლას დამაჯერებელი ეთქმის.
აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო ადგილზე მყოფი „არმორი“ მეორეადგილოსან „ბეი ჰოუქსს“ ხვდებოდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32,21 წუთი გაატარა. შენგელიამ 13-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ შენგელიამ 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
სპრინგფილდელთა შორის საუკეთესო ტაიშონ ტეილორი გახდა, რომელიც შენგელიასთან ერთად მოგზაურობს „ბრუკლინ ნეთsიდან“ „არმორში“ და პირიქით. ტეილორმა 31 წუთში 30 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 19 ქულა ჰქონდა კრის ჯოზეფს, სპრინგფილდელებმა კი მეტოქე 102:96 დაამარცხეს და სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვეს.
მომდევნო მატჩს „არმორი“ სპრინგფილდში, 21 მარტს, ცენტრალური დივიზიონის წარმომადგენელ „ოსტინთან“ გამართავს.