შენგელიას 17 ქულა და მე-2 ადგილი ესპანეთის რეგულარულ ჩემპიონატში

შენგელიას 17 ქულა და მე-2 ადგილი ესპანეთის რეგულარულ ჩემპიონატში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურში “ფუენლაბრადა” 103:66 გაანადგურა, “ვალენსიას” მოულოდნელი წაფორხილებითაც ისარგებლა და რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, რისი წყალობითაც პლეიოფში “ბარსელონას” ასცდა.

ბასკურ კლუბს დღევანდელ შეხვედრაში არანაირი პრობლემა არ შექმნია. ყველაფერი დიდი შესვენებისთვის იყო გადაწყვეტილი, როდესაც მასპინძლები უკვე 20 ქულით იგებდნენ. ქართველი ლეგიონერი თამაშში სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო და 25:58 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა.
თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. “ბასკონიამ” 23 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის “რეალს” ჩამორჩა, მეოთხედფინალში კი მეშვიდეადგილოსან “გრან კანარიასთან” შეხვდება და თან მოედნის უპირატესობაც ექნება.
ესპანეთის ჩემპიონატში პლეი ოფის მატჩები 20 მაისიდან დაიწყება.