შენგელიას 17 ქულა, ეფესთან მარცხი და ფენერბაჰჩე მეოთხედფინალში

შენგელიას 17 ქულა, ეფესთან მარცხი და ფენერბაჰჩე მეოთხედფინალში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” ევროლიგის მეოთხედფინალში მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩეს” შეხვდება. ბასკონიელებმა, რომლებმაც 24-29 ტურების ჩათვლით ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს, რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურში შინ ბოლოადგილოსან “ეფესთან” 2 ქულით წააგეს – 79:81.

ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ბასკონიელებს გამარჯვება საპლეიოფო მეტოქედ გარანტირებულად უნაღდებდა სტამბოლის “ფენერბაჰჩეს”, ხოლო წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, რეგულარული ჩემპიონატის მომგებ ცსკა-ს შეხვედროდა. საბოლოოდ ასე არ მოხდა, რადგან ბოლო ტურის პარალელურ მატჩში “ბარსელონამ” კატალონიაში მოსკოვის რეგიონის “ხიმკი” დაამარცხა და ამ უკანასკნელმა ბასკონიელებს ცხრილში ვერ გადაასწრო. შესაბამისად, მოსკოველებმა მერვე ადგილი დაიკავეს და ცსკა-ს შეეჩეხნენ, ხოლო მეშვიდეადგილოსან “ბასკონიას” 3 მოგებამდე განგრძობად საპლეიოფო სერიაში სტამბოლის “ფენერთან” მოუწევს ომი.

ქართველმა ფორვარდმა “ეფესთან” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ტრადიციულად, ერთერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. თოკომ მოედანზე 29:45 წუთი გაატარა და 17 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
შენგელიამ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები კი 5-ჯერ დაირღვა. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ ვინსენ პუარეს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

“ბასკონიამ” რეგულარული ჩემპიონატის 30 ტურში 16 მატჩი მოიგო და 14 წააგო, რაც რუსული “ხიმკის” ანალოგიური შედეგია, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ვიტორიულმა გუნდმა მოსკოვურს აჯობა და რუსული კლუბები – ცსკა და “ხიმკი” ერთმანეთს დაეჯახნენ. 

დარჩენილ 2 მეოთხედფინალში გუნდები ჯერ ოფიციალურად არ დაწყვილებულან. 3 მათგანი ბოლო ტურის მატჩს 6 აპრილს ითამაშებს. თუმცა საქმე იქით მიდის, რომ “ოლიმპიაკოსი” “ჟალგირისს”, ხოლო “პანათინაიკოსი” – “რეალს” დაეტაკება.