თორნიკე შენგელიას ლიდერობით „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ლეგიონერმა კაპიტნის სამკლაურით ულიდერა ვიტორიელებს სან პაბლოში, სადაც „ბასკონიამ“ „ბურგოსი“ 100:76 გაანადგურა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 25:17 წუთში 18 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 ერთეული შეადგინა და არსებობს შანსი, რომ ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს – თუკი ამ შედეგს ვერავინ ვერ გააუმჯობესებს.
თორნიკემ 8-დან 7 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“ბასკონიამ” 5 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 3 დეკემბერს, შინ, “ობრადოიროსთან” გამართავს.