თორნიკე შენგელიას შედეგიანობა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს და რაც მთავარია, თავის გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ეხმარება. ევროლიგის მე-14 ტურში ვიტორიელებმა კატალონიურ “ბარსელონას” უმასპინძლეს და შენგელიას წინამძღოლობით დაძაბულ ბრძოლაში – 85:82 დაამარცხეს.
“ბასკონიამ” ჩინებულად ჩაატარა მატჩის 3 პერიოდი და დსკვნითი აღწუთეულის წინ 21 ქულით იგებდა. კატალონიელები არ დანებდნენ და ჩამორჩნა ხომ შეამცირეს, მატჩის ბოლო წუთზე წინაც გავიდნენ. გადამწყვეტ მომენტში ქართველი ფორვარდის თანამონაწილეობით ვიტორიელებმა მოახერხეს მობილიზება და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 29:28 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. თოკომ 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ბასკონიელთა ქართელი ლიდერის მარგი ქმედეგი ინდექსმა 31-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. თუკი თორნიკეს ეს შედეგი ვერავინ გადაფარა, მას ევროლიგის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ.
ბასკონიელებს 7-7 მოგებ-წაგება აქვთ და ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში, 29 დეკემბერს, შენგელიას გუნდი მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებს.