თორნიკე შენგელიას მორიგი გამორჩეული მატჩი “ბასკონიაში”, რომელიც მოგებით ვერ დაფასდა. ბასკური გუნდის ქართველმა კაპიტანმა დიდებულად ითამაშა ტენერიფეში, თუმცა თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და გამარჯვება მასპინძელ “იბეროსტარს” დარჩა – 86:74.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე გამოსვლისთანავე იკისრა ლიდერის ფუნქციები და მატჩის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 25 ქულას შენგელიამ 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაყოლა და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ქართველი ლეგიონერის ეფექტურობის ინდექსმა მატჩში უმეტესი 28 ერთეული შეადგინა. შენგელიას შემდეგ ბასკონიელთაგან შედეგიანობით როდრიგ ბობუა მოდის 12 ქულითა და 4 მოხსნით. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, ტენერიფელებს 17 ქულითა და 5 მოხსნით ტიმ აბრომაიტისმა ულიდერა.
“ბასკონიას” 9 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და ცხრილში 5-8 ადგილებს ანალოგიური შედეგის მქონე გუნდებთან – “უნიკახასთან”, “გრან კანარიასთან” და “ტენერიფესთან” იყოფს. შემდეგ ტურში, რომელიც 21 იანვარს გაიმართება, “ბასკონია” “რეალ ბეტისს” უმასპინძლებს.