თორნიკე შენგელიას ფენომენალური წარმოდგენა ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში. კანარის კუნძულებზე მიმდინარე მინიტურნირის მეოთხედფინალში “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა 30 ქულა ჩაუგდო კატალონიურ “ბარსელონას” და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. სამწუხაროდ, მისმა გარჯამ მოსაგებად არ იკმარა. ბასკური გუნდი ბრძოლაში – 90:94 დამარცხდა და სამეფო თასის ნახევარფინალში “ბარსა” გავიდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე მალევე გამოჩნდა და თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 30:53 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 17-დან 15 (!) საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ თოკოს ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ შენგელიას ანგარიშზე 30 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 40 (!) შეადგინა, რაც თავისთავად საუკეთესო შედეგია არათუ ამ, არამედ სამეფო თასის ყველა მეოთხედფინალური მატჩისა
შენგელიას კვალზე ბასკონიელთაგან 22 ქულით როდრიგ ბობუა, ხოლო 17 ქულით იანის ტიმა გამოირჩნენ. ბარსელონელთაგან კი საუკეთესო ყოფილი ბასკონიელი ტომას უერტელი იყო 20 ქულით. 18 ქულა და 9 მოხსნა ანტე ტომიჩის ანგარიშზე დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ სამეფო თასიდან გიორგი შენგელიას “უნიკახაც” გავარდა, რომელმაც წინა დღეს მადრიდის “რეალთან” 84:89 წააგო.