თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩი თურქეთში, „ეფესთან“ 86:95 წააგო. ორივე გუნდს მეორე ეტაპის საგზური განაღდებული აქვს და ამ მხრივ სტამბოლში გამართული შეხვედრა ინტრიგისგან დაცლილი იყო.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 15:21 წუთით იმყოფებოდა. შენგელიამ თამაშიდან შედეგიანად ესროლა და 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო, თუმცა საჯარიმოს ხაზიდან ოთხივე ტყორცნა ააცილა. შენგელიას ანგარიშზე მთლიანობაში 5 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა. საუკეთესო იყო დარიუს ადამსი, რომელმაც 20 ქულა მიითვალა, ხოლო გამარჯვებულებს ფრანგმა ტომას უერტელმა 25 ქულით ულიდერა.
5 მოგებით და 4 მარცხით „ლაბორალ კუჩა“ „ბ“ ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ბოლო ტურის მატჩს შენგელიას გუნდი 17 დეკემბერს, შინ ზაგრების „ცედევიტასთან“ გამართავს.