შენგელიას 7 ქულა და “ფენერბაჰჩესთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება სტამბოლში

შენგელიას 7 ქულა და “ფენერბაჰჩესთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება სტამბოლში

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. პლეი ოფის ზონის ზღვართან მყოფმა ვიტორიელებმა სტამბოლში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი „ფენერბაჰჩე“ 79:74 დაამარცხეს და ცხრილში მე-6 ადგილზე აინაცვლეს.

ქართველი ფორვარდი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:38 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შენგელიამ 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში 19 ქულით საუკეთესო ამერიკელი შეინ ლარკინი იყო, 7 და მეტი ქულა კი ერთბაშად 8 (!) კალათბურთელმა ჩააგდო. “ფენერბაჰჩეს” 26 ქულით სერბმა ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. 14 მოგებითა და 11 მარცხით „ბასკონია“ მე-6 ადგილზეა. 16-გუნდიანი რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს პლეი ოფში 8 საუკეთესო გავა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 17 მარტს, შინ, კიდევ ერთ გრანდ მოსკოვის ცსკა-სთან ჩაატარებს.