შენგელიას 8 ქულა “უნიკსთან” მოგებულ მატჩში

შენგელიას 8 ქულა “უნიკსთან” მოგებულ მატჩში

თორნიკე შენგელიას “ბასკონია“ ევროასპარეზზე დომინირებას აგრძელებს და კონტინენტის ყველაზე მძლავრ საკლუბო ტურნირის ცხრილში მაღლა მიიწევს. ვიტორიულმა კლუბმა ყაზანის “უნიკსს” უმასპინძლა და მეტოქე 32 ქულის სხვაობით – 102:70 გაანადგურა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 18:32 წუთში კი 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და ორივე გუნდში უმეტესი 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ შენგელიას ევროლიგაში ზედიზედ 23 საჯარიმო აქვს გამოყენებული.

  მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ფრანგი უკანახაზელი როდრიგ ბობუა იყო, რომელმაც 19:23 წუთში 29 ქულა (8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 5 სამქულიანი) ჩააგდო. “უნიკსს” ტრადიციულად ამერიკელმა ლეგიონერმა კიტ ლენგფორდმა ულიდერა – 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.
16 ტურის თავზე ვიტორიელებს 11 მოგება მოუგროვდათ და სანამ 6 იანვარს სხვა მატჩები გაიმართებოდეს, 16-გუნდიან ცხრილში მე-2 ადგილზე არიან. მათ წინ მხოლოდ მოსკოვის ცსკა-ა. შენგელიასგუნდი მორიგ საევროლიგო მატჩს 12 იანვარს, სტამბოლში, „დარუშაფაკასთან“ გამართავს.