თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგის პლეი ოფში გავიდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგის პლეი ოფში გავიდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგის პლეი ოფში გავიდა. ესპანურმა კლუბმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 29-ე ტურში უშუალო კონკურენტი “მაკაბი” ისტუმრა, რომელსაც 83:72 სძლია და საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის გარანტია მიიღო. დარჩენილ ტურში გამარჯვების შემთხვევაში კი ბასკონიელებს კარგი შანსი აქვთ, სულაც მე-6 ადგილზე დაასრულონ რეგულარული და პლეი ოფში ცხრილში მე-3 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდნენ.

შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:46 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. საინტერესოა, რომ ბასკურ კლუბში 6 და მეტი ქულა ერთბაშად 9 კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი გერმანელი ცენტრი იოჰანეს ვოიგტმანი იყო 17 ქულით.

“ბასკონიამ” 16 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, 5 აპრილს, შენგელიას გუნდი აუტსაიდერ “ანადოლუ ეფესს” მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში საბოლოოდ მე- ადგილს დაიკავებს. ასეთ შემთხვევაში, პლეი ოფის პირველ წრეში ვიტორიელები ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” შეხვდებიან.