შენგელიას ბასკონიამ ბარსა ისევ დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა

შენგელიას ბასკონიამ ბარსა ისევ დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში მეორე საშინაო მატჩიც მოუგო კატალონიურ “ბარსელონას” და სერიაში საერთო ანგარიშით – 2:0 დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გამარჯვებაც და ბასკონიელები ფინალში გავლენ.

პირველი მატჩისგან (86:61) განსხვავებით, შენგელიას გუნდს ამჯერად გაუჭირდა. შეხვედრის უმეტეს დროს კატალონიელები ლიდერობდნენ და “ბასკონიამ” სტუმრის გატეხვა ბოლო პერიოდში მოახერხა. საბოლოოდ “ბასკონიამ” 85:79 გაიმარჯვა და ფინალს მიუახლოვდა. 

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა წარმატებაში ტრადიციულად სოლიდური წვლილი შეიტანა. შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 12 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა მხრიდან, შენგელიას გარდა, 10-ქულიან ზღვარს ამერიკელი მეტ ჯენინგი (19), ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი (12) და ფრანგი როდრიგ ბობუა (12) ასცდნენ, სტუმართაგან კი ასევე ფრანგი ადრიენ მოერმანი (18), უნგრელი ადამ ჰანგა (13) და ხორვატი ანტე ტომიჩი (12) გამოირჩნენ.

სერია ბარსელონაში გადაინაცვლებს, სადაც მე-3 მატჩი 8 ივნისს გაიმართება. წარმატების შემთხვევაში შენგელიას “ბასკონია” ფინალში გავა, არადა, მორიგი მატჩი ისევ ბარსელონაში – 10 ივნისს გაიმართება. თუ საჭირო გახდა, სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას 12 ივნისს ვიტორია უმასპინძლებს.  მეორე ნახევარფინალში “რეალი” 2:0 ამარცხებს “გრან კანარიას”.