თორნიკე შენგელია ესპანეთის სუპერთასის ფინალში ითამაშებს, სადაც მოქმედ ჩემპიონა მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. ქართველი ფორვარდის “ბასკონიამ” სუპერთასის ნახევარფინალში “ბარსელონას” დაძაბულ ბრძოლაში – 79:76 მოუგო.
წლეულს ესპანეთის სუპერთასი განსხვავებული ფორმატით იმართება. მასში გასული სეზონის საუკეთესო 4 გუნდი მონაწილეობს. ფინალისტები – რეალი, ბასკონია და ნახევარფინალისტები – ბარსელონა და ობრადორიო.
2018-2019 წლების სეზონის პირველი ტიტულისთვის ეს გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ. “რეალმა” “ობრადორიოს” იოლად – 81:61 სძლია, ხოლო ბასკონიელებმა “ბარსას” 3 ქულით – 79:76 მოუგეს.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14:52 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ამასთან, 5 ქულა გადამწყვეტ წუთებში მიითვალა.
თოკომ 3-დან 1 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება საქართველოა ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ მეტ ჯენინგს, მან 26:50 წუთში 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი კატალონიურს 20 ქულის სხვაობით ამარცხებდა და მართალია, “ბარსამ” ჩამორჩენა ქულამდე დაიყვანა, საბოლოოდ, მაინც შენგელიას კლუბმა იიმარჯვა.
ფინალი 22 სექტემბერს გაიმართება. სუპერთასის მინი-ტურნირი ესპანეთის ქალაქ კომპოსტელაში მიმდინარეობს.