ესპანეთში ქართული დერბი შედგა. სან სებასტიანში ერთამენთს ბექა ბურჯანაძის “დელტეკო” და თორნიკე შენგელიას “ბასკონია” შეხვდნენ. მატჩი ბასკურმა გუნდმა 10 ქულით – 87:77 მოიგო და ლიდერთა შორის პოზიცია გაიმყარა.
ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. ბურჯანაძემ 26:06 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 11-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მხოლოდ 2 ერთეული შეადგინა.
შენგელიამ მოედანზე 25:25 წუთი გაატარა და ის ბასკონიელთაგან საუკეთესო იყო. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი მანაც ააცილა. 13 ქულასთან ერთად შენგელიამ 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 20 შეადგინა, რაც ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ.
24 მოგებითა და 7 მარცხით “ბასკონია” ესპანურ ლიგაში მესამე ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ბარსელონასა და რეალს. ბურჯანაძის გუნდს კი 31 მატჩში მხოლოდ 10 მოგება აქვს და გასავარდნ ზონაში, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. დასკვნით 3 ტურში სანსებასტიანელებს დიდი ბრძოლა ელით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.