შენგელიას “ბრუკლინში” გადასვლა “ნიუ იორკ პოსტმაც” დაადასტურა

შენგელიას “ბრუკლინში” გადასვლა “ნიუ იორკ პოსტმაც” დაადასტურა

მას შემდეგ, რაც შენგელიას „ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გახმაურდა, მოგვიანებით ანალოგიური შინაარსის სტატია „ნიუ იორკ პოსტის“ საიტზეც გამოქვეყნდა. მისი სათაურია: „წყარო: შენგელიამ „ნეთსთან“ შეთანხმებას მიაღწია და 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს“.
ამერიკულ პრესაში ასეა: სანამ ტრანსფერი განხორციელდებოდეს და მის შესახებ კლუბი ოფიციალურად გამოაცხადბდეს, პრესაში ჩნდება ინფორმაცია, რომელიც ანონიმურ წყაროზეა დაფუძნებული. ასეთ შემთხვევებში ხშირად წყარი ის ადამიანია, რომელიც უშუალოდ შეთანხმებაში მონაწილეობს, ან მასთან არის დაკავშირებული. ასეთი ინფორმაციები ძირითადად უტყუარია და მისი გავრცელების შემდეგ უკვე კლუბი ოფიციალურად აცხადებს ტრანსფერის თაობაზე. ჩვეულებრივ ტრანსფერებზე რომ არაფერი ვთქვათ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ოფიციალურ გამოცხადებამდე 1-2 დღით ადრე ხმაურდება ხოლმე მაგალითად ნბა-ს უძვირფასესი მოთამაშე, სეზონის ახალბედა, საუკეთესო დამცველი თუ მწვრთნელი.
„ნიუ იორკ პოსტი“ წერს, რომ ბრუკლინელები 300 000 დოლარად გამოისყიდიან ბელგიურ „შარლერუათან“ შენგელიას მოქმედ კონტრაქტს. წყაროს ინფორმაციით, შენგელიას მერე „ნეთსი“ კეიტ ბოგანსის აყვანასაც გეგმავს, რითაც გუნდის კონტრაქტიან მოთამაშეთა სია 15 კალათბურთელამდე გაიზრდება. გუშინ ბრუკლინელებმა ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ზუსტად შენგელიას სიმაღლის მქონე კრის ჰამფრისს, რომელიც მომავალ 2 სეზონში 24 მილიონ დოლარს მიიღებს. სავარაუდოდ, სწორედ ჰამფრის შემცვლელი იქნება ქართველი ფორვარდი, თუმცა შენგელიას პლუსი ისაა, რომ მას ორ პოზიციაზე (მსუბუქ და მძიმე ფორვარდად) ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში და ამას ამერიკელი ჟურნალისტები განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავენ ხოლმე.
შენგელიამ ბოლო დღეები „ატლანტაში“, ზაზა ფაჩულიასთან გაატარა და ნიუ იორკში დღეს ჩავა, რათა ბრუკლინურ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შემდეგ შენგელია ავსტრიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება და 11 სექტემბრამდე იგორ კოკოშკოვის განკარგულებაში იქნება.
 
„new york post”:
http://www.nypost.com/p/blogs/netsblog/shengelia_makes_nets_roster_will_Jbk8TAqNz6v3VPG4wxnlYK