შენგელიას გუნდმა ლიდერი გაანადგურა და ევროლიგის პლეი ოფისთვის იბრძვის

შენგელიას გუნდმა ლიდერი გაანადგურა და ევროლიგის პლეი ოფისთვის იბრძვის

თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიულმა „ლაბორალ კუჩამ“ ჯგუფის ლიდერი „ფენერბაჰჩე“ მიიღო და 93:76 გაანადგურა.
შენგელიას გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და საამისოდ ჯგუფში მე-4 ადგილის დაკავება ესაჭიროება. ამ გამარჯვებით ვიტორიელებმა გადაინაცვლეს მე-4 ადგილზე, თუმცა უშუალო კონკურენტი „ეფესი“ ამ ტურის მატჩს დღეს თამაშობს და სავარაუდოდ აუტსაიდერ „ემპორიო არმანის“ ძლევით შენგელიას გუნდს გაუთანაბრდება.

ბოლო ტურში „ეფესი“ სტუმრად „თანამემამულე „ფენერბაჰჩეს“ ხვდება, ხოლო „ლაბორალი“ ასევე თანამემამულე „უნიკახას“ სტუმრობს. თუკი ისე მოხდა, რომ ორივე გუნდმა დარჩენილი მატჩები მოიგო, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება, რომელშიც თურქული „ეფესი“ „ლაბორალ კუჩას“ ჯობს. სტამბოლელებმა შინ 3 ქულით წააგეს ვიტორიელებთან, ხოლო სტუმრად, ესპანეთში „ეფესმა“ 5 ქულით იმარჯვა და პირად შეხვედრებშიც ბურთების შეფარდება უკეთესი აქვს.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:15 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ისიც ვთქვათ, რომ ამ მატჩამდე შენგელიას ევროლიგაში ზედიზედ 24 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული, თურქულ გრანდთან კიდევ 3 ჩააგდო და სერია 27-ზე შეუწყდა.
თუკი დღეს „ეფესი“ „ემპორიო არმანისთან“ წააგებს, შენგელიას გუნდი ბოლო ტურში გამარჯვებით პლეი ოფში გადის.