თორნიკე შენგელია და ვირტუს ბოლონია ევროტურნირს დაემშვიდობნენ. ევროლიგის პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლმა ბოლონიელებმა პლეი ინის ფინალური შეხვედრა სტუმრად, ბასკონიასთან 77:89 დათმეს და მეოთხედფინალში ვერ გადავიდნენ. ვირტუსისთვის თავიდან საქმე კარგად მიდიოდა, თუმცა მე-3 პერიოდში ჩავარდნამ შენგელიას გუნდი წასაგებად გაწირა. ბასკონიამ 31:16 მოიგო ხსენებული პერიოდი და მოსაგებად საკმარისი ლიდერობა დაიბევა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყოფილ გუნდთან მატჩში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:41 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 7-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. თოკო ვირტუსელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტიც (18) საუკეთესო იყო იტალიელ დანიელ ჰეკეტთან ერთად. ამ უკანასკნელმა 13 ქულა ჩააგდო. 10-10 ქულა მიითვალეს აიზია კორდინიემ, იფე ლუნდბერგმა და მარკო ბელინელიმ.
ბასკონიას რიგებში საუკეთესო მარკუს ჰოვარდი იყო, რომელმაც 8 სამქულიანი ჩააგდო და თავი 28 ქულას მოუყარა. მეტიუ კოსტელომ 19 ქულა ჩააგდო, ტადას სედეკერსკისმა კი – 16. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ჯამში 16 სამქულიანი გამოიყენეს და მეტოქის ფარზე ბურთი 15-ჯერ მოხსნეს. გადამწყვეტი სწორედ ეს 2 ფაქტორი აღმოჩნდა.