გამარჯვებათა სერიას აგრძელებს თორნიკე შენგელიას „ბასკონია“. ევროლიგაში ვიტორიელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩჩი მოიგეს. ქართველი ფორვარდის გუნდმა თანამემამულე „ბარსელონა“ დაძაბულ ბრძოლაში – 65:62 დაამარცხა.
ქართველ ფორვარდს ბევრი არ უთამაშა. შენგელია მატჩის მეხუთ წუთზე ჩაერთო თამაშში და მოედანზე 12:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. თორნიკემ 7-დან 2 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო ფრანგი როდრიგ ბობუა იყო 19 ქულით, ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი 14 ქულა მიითვალა. ამავე მატჩში შედგა “ბასკონიას” რიგებში ვეტერანი არგენტინელის – პაბლო პრიჯიონის დაბრუნებაც, თუმცა, იგი უქულოდ დარჩა.
„ბასკონიას“ 9 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და მადრიდის “რეალთანა” და პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს 23 დეკემბერს ათენში, „პანათინაიკოსთან“ ელის.