შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” შერმადინის “ანდორას” მოუგო

შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” შერმადინის “ანდორას” მოუგო

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ქართველების გუნდები შეხვდნენ. თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ გიორგი შერმადინის „ანდორას“ უმასპინძლა და 12 ქულის სხვაობით – 95:83 დაამარცხა.
ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. შენგელიამ 21:17 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ქართველმა ფორვარდმა 5 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ააცილა, 3 სამქულიანიდან კი 1 ჩააგდო და 1 საჯარიმოც აუცდა. გამარჯვებულთა გუნდში გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა ბერძენ ცენტრ იანის ბურუსისს, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა

ბურუსისის ქართველმა ოპონენტმაც არ შეირცხვინა თავი. შერმადინი ბერძენ გიგანტს ვერ გამოეკიდა, თუმცა 17 ქულითა და 6 მოხსნით საკმაოდ სოლიდური სტატისტიკა აჩვენა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა ანდორელთაგან ამ მაჩვენებელში 1-ით ჩამორჩა ვოიდან სტოიანოვსკის.
შენგელიას გუნდს 14 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და მესამე ადგილზე, მადრიდის „რეალის“ წინ იმყოფება. წაგებით „ანდორამ“ დიდად იზარალა. მე-6 ადგილიდან მე-9-ზე დაქვეითდა. 30 იანვარს შერმადინის გუნდი „სარაგოსას“ უმასპინძლებს, ხოლო 31-ში „ლაბორალ კუჩა“ მურსიაში ითამაშებს.