შენგელიას ლიდერობით “ბასკონიამ” მორიგი მატჩი მოიგო და მე-2 ადგილზე აღზევდა

შენგელიას ლიდერობით “ბასკონიამ” მორიგი მატჩი მოიგო და მე-2 ადგილზე აღზევდა

თორნიკე შენგელია და მისი “ბასკონია” წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ. ევროლიგაში მოგებული მატჩების შემდეგ ესპანურმა კლუბმა შიდაჩემპიონატშიც იმარჯვა და ლიდერებში დაფუძნდა. ბასკონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატში “ფუენლაბრადას” უმასპინძლეს და 95:63 გაანადგურეს.

გამარჯვებაში სოლიდური წილი ქართველ ფორვარდს ერგო. ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სათადარიგო იყო და მოედანზე 20:11 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც თავი 15 ქულას, 5 მოხსნას, 2 ჩაჭრას და 1 პასს მოუყარა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი, სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21 შეადგინა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

“ბასკონიამ” 17 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და ლიდერი მადრიდის “რეალის” შემდეგ მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 31 მარტს სტუმრად “გიპუზკოა ბასკეტთან” გამართავს.