თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მთავარი მწვრთნელი, ველიმირ პერასოვიჩი გაუშვა, თუმცა საქმე ჯერ არ გამოსწორებულა და გუნდმა ისევ წააგო. ბასკონიელებმა სან პაბლოს ბურგოსს უმასპინძლეს და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ 74:82 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი გაიფორმა, თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და ბოლო პერიოდის 18:28 წაგების შემდეგ ბასკონიელებმა მარცხი განიცადეს. შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:02 წუთში 13 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 11-დან 5 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს იმ კალათბურთელებმა, რომლებიც გასულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდნენ და ახლაც მოქმედი ქართული პასპორტი აქვთ: ბასკონიაში მეტ ჯენინგმა, ხოლო ბურგოსში თად მაკფადენმა, რომელიც გახდა კიდეც მატჩის გმირი. ჯენინგმა 2 სამქულიანი მიითვალა, მაკფადენმა კი 19 ქულა და 6 პასი მიითვალა და ბურგოსელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ბასკონიას 14 ტურში 7-7 მოგება-წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 დეკემბერს, სტუმრად, მოულოდნელად მე-3 პოზიციამდე აღზევებულ სარაგოსასთან ჩაატარებს.
თად მაკფადენი მატჩის MVP გახდა