შენგელიას შედეგიანმა თამაშმა ბასკონია წაგებას ვერ აარიდა

შენგელიას შედეგიანმა თამაშმა ბასკონია წაგებას ვერ აარიდა

ესპანეთის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას გუნდის წარუმატებლობა გრძელდება. ბასკონიამ ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და პირველი წრის თავზე 8 საუკეთესო გუნდს შორის გასვლის შანსი დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ “სამეფო თასზე” ვერ ითამაშებს.

შენგელიას გუნდი ამჯერად მანრესას მასპინძლობდა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:80 წააგო. ქართველი მძიმე ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 33:20 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამ მხრივ, მე-2 შედეგი (13) საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ მეტ ჯენინგს ჰქონდა, რომელმაც 25:52 წუთში 13 ქულას 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

ბასკონია 7 მოგებითა და 9 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 12 იანვარს, სტუმრად, ბექა ბურჯანაძის გრან კანარიასთან ჩაატარებს.