თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მოგების გემო გაიხსენა. ევროლიგაში ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ვიტორიელებმა საკმაოდ მძლავრი “პანათინაიკოსი” დაამარცხეს, რაშიც ლომის წილი ქართველ ფორვარდს, გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას მიუძღვის. ესპანურმა კლუბმა ბერძნული გრანდი 86:77 დაამარცხა, ქართველი ლეგიონერი კი მატჩის MVP გახდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:19 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), მისთვის სარეკორდო 7 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
თოკომ 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 8-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სტუმართაგან კი ამერიკელი კიტ ლენგფორდი გამოირჩა 33 ქულით.
ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმა “ბასკონიას” 26:31 წუთში 12 ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მან ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და საჯარიმო გამოიყენა.
ესპანურმა გუნდმა 3 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს, სტამბულში “ანადოლუ ეფესთან” ელის.