თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიამ” ევროლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიელები ესპანურ დერბიში “გრან კანარიას” შეხვდნენ” და საკმაოდ იოლად – 84:71 დაამარცხა. გამარჯვებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე წევრმა სოლიდური წვლილი შეიტანა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20:47 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
გაცილებით შედეგიანი იყო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი, რომელმაც 24:36 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
ჯენინგმა 8-დან 4 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და შევონ შილდსთან ერთად, ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
“ბასკონიას” 6 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს, შინ, “ბარსელონასთან” გამართავს.