საბერძნეთშიც დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი და მეორე ქართველიც ჩაება მასში. შაბათს გიორგი ცინცაძემ ითამაშა „ტრიკალას“ შემადგენლობაში, წუხელ კი გიორგი „შერმადინმა“ „პანათინაიკოსის“ მაისურა მოირგო და ათენელებს სტუმრად „ლარისა ოლიმპიას“ დამარცხებაში დაეხმარა.
ჟელკო ობრადოვიჩის მიერ დარიგებულმა “პანათინაიკოსმა” 83:48 იმარჯვა, შერმადინმა კი თიუთქმის 18 წუთი ითამაშა და9 ქულასთან ერთად 7 მოხსნა მიითვალა.
გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ორჯერ დაჯარიმდა.
ათენელთა შემადგენლობაში საუკეთესო შერმადინის ჩერნოგორიელი კონკურენტი ნიკოლა პეკოვიჩი გახლდათ, რომელსაც 14 ქულისა და 6 მოხსნის მოსაგროვებლად 14 წუთი ეყო.
“პანათინაიკოსი” მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს ათენში “პანელინოსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
იტალიის ჩემპიონატში ვიქტორ სანიკიძის “ვირტუს ბოლონიამ” ნაპოლის “მარტოსი” 76:62 დაამარცხა, ქართველმა ლეგიონერმა კი მასპინძლებს შერმადინის დარად, 9 ქულა შესძინა.
სანიკიძეს ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, მოედანზე გატარებულ 16 წუთში კი 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 4 მოხსნა და 1 პასი წაამატა.
ვიქტორმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ვირტუსის” შემადგენლობაში გამორჩეული ამერიკელი დევიდ მოსი იყო, რომელმაც 35 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.
ბოლონიელებს 3 ტურში 2 მოგება და 1 მარცხი გააჩნიათ და 4 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
სანიკიძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს ტერამოში “ტერკასთან” ჩაატარებს.
გიორგი შერმადინი ბურთს ოლიმპიელებს უგდებს