საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში კუნძულელები „მალაგას“ დაუპირისპირდნენ და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 80:85 დათმეს.
შეხვედრ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში „უნიკახამ“ უფრო მობილიზებულად ითამაშა — ანდალუსიელებმა მეოთხე პერიოდი 25:18 მოიგეს, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22 წუთი გაატარა და საკუთარ აქტივში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. შერმადინმა მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ისროლა: 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა, რითაც გუნდში საუკეთესო იყო პატი მილსსა (23 ქულა) და ფრან გერასთან (10 ქულა) ერთად.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე „ტენერიფე“ „რიტასთან“ დამარცხდა. ესპანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის საკმაოდ სოლიდური ისტორია აქვს: გუნდმა ტურნირის მოგება ორჯერ შეძლო (2017 და 2022 წლებში), კიდევ ორ შემთხვევაში კი ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.