საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრი გიორგი შერმადინი ათენური „პანათინაიკოსის“ შემადგენლობაში ევროლიგის ჩემპიონია. ფინალურ მატჩში მოსკოვის ცსკა-მ “პანათინაიკოსს” 21-ქულიანი ჩამორჩენა 1 ქულამდე შეუმცირა, თუმცა, მეტი ვეღარ შეძლო და მატჩი 71:73 წააგო.
მართალია, შერმადინი ოთხთა ფინალის მატჩების განაცხადში არ ირიცხებოდა, მაგრამ მან მაინც დაიმსახურა საჩემპიონო მედალი, რაკი გუნდის წევრია და მცირე ხნით, თუმცა ევროლიგის მატჩშიც მიუღია მონაწილეობა.
ათენელები თავიდანვე დაწინაურდნენ და დიდი შესვენებისთვის არმიელებს 48:28-ს უგებდნენ. მოსკოველები მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ და მე-3 მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 8 ქულა ჩააგდებინეს. ანგარიშში ჩამორჩენა დასკვნით ათწუთეულშიც მცირდებოდა და თამაშის დასრულებამდე 25 წამით ადრე ერთ ქულამდე (69:70) დავიდა.
ამ დროს ცსკა დიამანტიდისზე დაჯარიმდა და ბერძენმა ანგარიში 72:69 გახადა, საპასუხო შეტევაში საჯარიმოები შიშკაუსკასმა ჩააგდო და სხვაობა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა.
9 წამით ადრე არმიელები უკვე იასეკივიჩიუსზე დაჯარიმდნენ, რომელმაც მხოლოდ ერთი ტყორცნა გამოიყენა და ცსკა-ს შანსი მისცა, თუმცა, შიშკაუსკასმა ბოლო სროლა მიზანს მიღმა გაუშვა და ჩემპიონობა “პანათაინაიკოსს” დარჩა.
ათენელთა რიგებში საუკეთესო ფოცისმა 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ასევე 13 ქულას დასჯერდა სპანულისი, რომელიც “ოთხთა ფინალის” საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, დიამანტიდისი და იასეკივიჩიუსი კი 10-10 ქულას გამორჩნენ.
ცსკა-ს შემადგენლობაში 10-ქულიან ზღვარს სამი კალათბურთელი გადასცდა – ჰოლდენი (14), შიშკაუსკასი (13) და ლენგდონი (13).
“პანათინაიკოსმა” ევროლიგის ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა. ათენელებს ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 1996, 2000, 2002 და 2007 წლებშიც ჰქონდათ მოგებული.