შერმადინი მადრიდის “რეალთან” საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

შერმადინი მადრიდის “რეალთან” საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო, ესპანეთის ლიგაში წარმატებულ თამაშს განაგრძობს. მორიგ ტურში ქართველი ცენტრის გუნდის მეტოქე მრისხანე მადრიდის „რეალი“ გახლდათ და მართალია, ანდორელები დამარცხდნენ (80:99), შერმადინმა მეტოქეს თავი არ მოუხარა და თავისანთაგან საუკეთესო იყო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:39 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა თითქმის უშეცდომოდ ესროლა. მან 7-დან 6 ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო და საბოლოოდ ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 ერთეული გახლდათ, რაც მასპინძელთა გუნდში საუკეთესო იყო. ქართველის შემდეგ ანდორელთაგან შედეგიანობით მაკედონიელი ვოიდან სტოიანოვსკი გამოირჩა 14 ქულით და 18 მარგი ქმედების კოეფიციენტით.
5 მოგებითა და 6 მარცხით შერმადინის გუნდმა 18-გუნდიან ცხრილში მე-11 ადგილზე ჩაინაცვლა. მორიგ ტურში, რომელიც 23 დეკემბერს გაიმართება, „ანდორა“ სტუმრად „ხუვენტუდს“ შეხვდება.