ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის “უნიკახამ”. მალაგელებმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ “ხიმკის” უმასპინძლეს და 93:84 დაამარცხეს. ამით უნიკახელებმა ნავსი გატეხეს და ევროლიგაში 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს.
ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:52 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცენტრის პოზიციაზე ქართველი კალათბურთელის კონკურენტმა – ამერიკელმა ჯეიმს ოგასტინმა 14 ქულას 12 მოხსნა წაამატა, სერბმა ნემანია ნედოვიჩმა 21 ქულა ჩააგდო, პოლონელმა ადამ ვაჩინსკიმ კი 15 ქულა მოაგროვა.
4 მოგებითა და 8 მარცხით უნიკახელები მე-13 ადგილზე არიან. მალაგელები მომდევნო შეხვედრას 20 დეკემბერს, სტუმრად “ბარსელონასთან” გამართავენ.