ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ქართველმა ცენტრმა პირეოსულ გუნდში გამორჩეულად ითამაშა. გიორგი შერმადინი საბერძნეთის ჩემპიონატში თავის გუნდს გასვლით გამარჯვებაში დაეხმარა. „ოლიმპიაკოსი“ სტუმრად კაოდ-ს შეხვდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მასპინძლებმა ჩემპიონატის ლიდერს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. პირეოსელებმა საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით, 91:81 იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 15,15 წუთი გაატარა. შერმადინმა 5-დან 3 ორქულიან ი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 11 ქულა მოაგროვა და ამ შედეგით ვასილის სპანულისის (16) შემდეგ ოლიმპიაკოსელთა შორის მეორე საუკეთესო მექულე გახდა.
11 ქულასთან ერთად შერმადინმა 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პას-დაფარება მოაგროვა. ქართველი ცენტრის კვალზე 10-10 ქულა მიითვალეს ოლიმპიაკოსელებმა – პერო ანტიჩმა და ელის ლოუმ. რაც შეეხებათ კაოდ-ელებს, 29 ქულით საუკეთესო ამერიკელი კევინ პალმერი გახდა.
16 მოგებითა და 1 წაგებით „ოლიმპიაკოსი“ საბერძნეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო ტურში, 23 თებერვალს, პირეოსელები „პერისტერის“ უმასპინძლებენ.