შერმადინის 12 ქულა, 14 მოხსნა და სტუმრად გამარჯვება “ესტუდიანტესთან”

შერმადინის 12 ქულა, 14 მოხსნა და სტუმრად გამარჯვება “ესტუდიანტესთან”

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით „ანდორა მორაბანკმა“ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გასვლითი მატჩი მოიგო. ანდორელები „ესტუდიანტესს“ ესტუმრნენ და ქართველი ცენტრის ქებული თამაშის წყალობით 82:75 იმარჯვეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე მთლიანობაში 22:31 წუთი გაატარა, რაც სრულიად საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, ქართველ ცენტრს 12 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 14 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა.
შერმადინის საერთო სარგებლიონობის ინდექსმა 23 ერთეული შეადგინა და ის ამ შედეგით მატჩში საუკეთესო იყო. ანდორელთაგან 15 ქულით ბეტინო გომესი გამოირჩა, ხოლო დევიდ ნავაროს ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.
5 მოგებითა და ამდენივე წაგებით „ანდორა მორაბანკი“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა. მომდევნო, მე-11 ტურში, 20 დეკემბერს შერმადინის გუნდი მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.