შერმადინის 19 ქულამ ტენერიფეს ბელგიაში ვერ უშველა. გადამწყვეტი მატჩი კუნძულზე გაიმართება

შერმადინის 19 ქულამ ტენერიფეს ბელგიაში ვერ უშველა. გადამწყვეტი მატჩი კუნძულზე გაიმართება

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის ტენერიფემ, თუმცა ტურნირს არ დამშვიდობებია. მის “ტენერიფეს” პირველი შეხვედრა 85:75 ჰქონდა მოგებული. სერია ორ გამარჯვებამდეა. ბელგიური დაპირისპირებაც ტენერიფელთა სასარგებლოდ რომ დასრულებულიყო, მომდევნო ეტაპზე გიორგის გუნდი გავიდოდა. თუმცა ბელგიელებმა მოიგეს და მეოთხედფინალისტის ვინაობას მესამე შეხვედრა გადაწყვეტს, რომელიც ესპანეთში გაიმართება.

ოოსტენდეში მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს მცირე უპირატესობა და ბოლომდე შეინარჩუნეს – 75:69.

ტენერიფე, როგორც ყოველთვის აქცენტს ფარქვეშიდან თამაშზე აკეთებდა, შერმადინმა თავისი საქმე კარგადაც შეასრულა – 19 ქულა ჩააგდო, ხოლო მასზე 2-3 დამცველი რომ გადადიოდა, ბურთი პერიმეტრზე გაჰქონდა, საიდანაც სტუმრები ვერ ყოჩაღობდნენ. მათ ჯამში 7 სამქულიანი გამოიყენეს, მაშინ, როდესაც “ოოსტენდეს” კალათბურთელებმა 24-დან 10 სამიანი ჩააგდეს.

შეხვედრის ბომბარდირი ქართველი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 20 წუთში 19 ქულა (10/6 ორქულიანი, 8/7 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც იყო.