შერმადინის 21 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული სარაგოსაში

შერმადინის 21 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული სარაგოსაში

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ლენოვო ტენერიფემ სტუმრად სარაგოსა 87:83 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი კი ისევ გიორგი შერმადინმა მოიგო. კუნძულელთა ქართველმა ლეგიონერმა სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი დააგროვა და როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერი, ოფიციალური ტიტულიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ტენერიფეს მე-300 გამარჯვებაა ესპანეთის ჩემპიონატში მთლიანობაში ჩატარებულ 637 მატჩს შორის.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:45 წუთი გაატარა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, რაც MVP-ს ტიტულის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-ს უწია, რაც არათუ ამ მატჩში, ტურის სხვა შეხვედრებშიც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. 

ტენერიფემ სეზონში მე-12 მატჩი მოიგო და დროებით მე-3 ადგილზე გადავიდა. თუ ბასკონია ბადალონას ვერ მოუგებს, ტენერიფე მესამე ადგილს შეინარჩუნებს. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში აუტსაიდერთა ზონაში მყოფ ბეტისს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს შანსი აქვს, მე-16 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, თუკი ტურის დარჩენილ 5 მატჩში მასზე უკეთეს შედეგს (31 სარგებლიანობის კოეფიციენტი) არავინ დააფიქსირებს. თუ ასე მოხდა, შერმადინი ისტორიაში მე-18-ედ გახდება ტურის საუკეთესო, რითაც ფლიპე რეიეს და ბერნარდ ჰოპკინსს გადაასწრებს და 1-ით მიუახლოვდება ამ საპატიო კატეგორიის ისტორიულ ლიდერებს – ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ლუ როუს. თითოეულს ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი 19-ჯერ აქვს მოგებული.