გიორგი შერმადინის მორიგი დიდებული გარჯა ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველი ცენტრის ლიდერობით “ტენერიფე იბეროსტარმა” “რეალ ბეტისი” დაძაბულ ბრძოლაში – 94:89 დაამარცხა. შერმადინის მონაგარი იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხომ გახდა და ტურის MVP-ის ტიტულის მაძიებელიცაა.
შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (37:23) ხარჯზე ბეტისი 94:89 დაამარცხა, ქართველმა ცენტრმა კი 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 11-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და თუკი დარჩენილ თამაშებში მისი შედეგი ვერავინ გააუმჯობესა, ტურის MVP-ს ტიტულსაც მიიღებს.
აღსანიშნავია ბრაზილიელი მარსელინიო უერტასის გარჯაც. ბრაზილიელმა ვეტერანმა ბევრი იშრომა და 12 ქულას 15 შედეგიანი პასი წაამატა.
იბეროსტარ ტენერიფეს 10 ტურში 6 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 1 დეკემბერს, სტუმრად, ბარსელონასთან ჩაატარებს.