დღეს დაიწყო ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება, რომელშიც გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარი” ასპარეზობს. პირველ ტურში ტენერიფელებმა დანიურ “ბაკენ ბიარს” უმასპინძლეს და 98:73 გაანადგურეს.
გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა. შერმადინმა ზეშედეგიანად ითამაშა და 21 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 34 შეადგინა, როცა მის თანაგუნდელთაგან ამ კომპონენტში მეორე საუკეთესო შედეგი ტაილერ კავანამ – 15 დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან განხორციელებული პირველი 9 სროლა ჩააგდო, საბოლოოდ კი 13-დან 10 ორქულიანი, და 6-დან 6 საჯარიმო მიითვალა და სოლიდური შედეგი დააფიქსირა.
შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზის კანდიდატია. მთლიანობაში კი პირველ ტურში 16 მატჩი ჩატარდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების მონაწილე 8 ჯგუფში გადანაწილებული 32 გუნდია. “ბაკენ ბიარსთან” ერთად “ტენერიფესთან” ერთად ჯგუფში თურქული “გალათასარაი” და იტალიური “დინამო სასარია”. გათამაშების ფორმატის მიხედვით თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გადის.
“ტენერიფეს” მომდევნო მეტოქე “სასარი” იქნება, რომელსაც შერმადინის გუნდი 4 ნოემბერს იტალიაში დაუპირისპირდება.