შერმადინის 7 ქულა და გამარჯვება “ეფესთან”

შერმადინის 7 ქულა და გამარჯვება “ეფესთან”

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. მალაგელებმა თურქულ “ეფესს” უმასპინძლეს და 13 ქულის სხვაობით – 81:68 დაამარცხეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18:31 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი პოლონელი ადამ ვაჩინსკი იყო 20 ქულით, ამერიკელმა ჯეიმს ოგასტინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 12 მოხსნა.

“უნიკახამ” 9 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” კვალად, სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. მალაგელებს მომდევნო შეხვედრა 22 თებერვალს, ისევ შინ, თელ ავივის “მაკაბისთან” ელით.