ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე სტუმრად უშუალო კონკურენტ ვალენსიას შეხვდა და ისე წააგო, წარმატების შანსი არ მისცემია. მასპინძლებმა ყველა პერიოდი მოუგეს კუნძულელებს და საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით – 98:73 გაიმარჯვეს.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მოედანზე 14:24 წუთი გაატარა. ქართველ ცენტრს ჯარიმებით აჩერებდნენ, თუმცა მას ჩვეულად მაღალი შედეგიანობით არ უსვრია. გიორგიმ 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 1 ორიანი მოაყოლა და თავი 7 ქულას მოუყარა, ამის გარდა მის ანგარიშზე მხოლოდ 1 მოხსნას იყო.
ტენერიფელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო კაილი გაი, მარსელინიო ჰუერტასმა 10 ქულა და 9 პასი მიითვალა. ვალენსიაში 17 ქულით და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ნიგერიელი სემი ოჯელეი, ხაიმე პრადილამ 15 ქულა მოაგროვა.
ამ მოგებით ვალენსია ცხრილში ტენერიფეს გაუთანაბრდა და ორივეს 19 მოგების წილ 11 მარცხი აქვს. შემდეგი ტურის მატჩს ტენერიფე 1 მაისს, შინ უნიკახასთან გამართავს. მანამდე კი ფიბას ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი ელის.