გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის ჯგუფური ეტაპი დახურა. მალაგელებმა მომდევნო ეტაპის საგზური კარგა ხანია გაინაღდეს, ახლა კი ოფიციალურად გაირკვა, თუ რომელი გუნდები იქნებიან მისი მეტოქეები მეორე ჯგუფურ ეტაპზე.
მალაგელებმა D ჯგუფის დასკვნითი მატჩი შინ იტალიურ “ფიატ ტურინთან” გამართეს და მართალია, დიდ შესვენებაზე ექვსქულიანი ჩამორჩენით (41:47) გავიდნენ, საბოლოოდ, დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს – 89:68.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:00 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა.
გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“უნიკახას” მხრიდან 10-ქულიანი ზღვრის გადალახვა ხაიმე ფერნანდესმა (14), ადამ ვაჩინსკიმ (14), სასუ სალინმა (13) და კაილ ვილჯერმა (11) მოახერხეს, სტუმართაგან კი ამერიკელი ლეგიონერი დალას მური (24) გამოირჩა. “უნიკახამ” 8 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და ჯგუფში ყაზანის “უნიკსის” (9 გამარჯვება, 1 წაგება) კვალად, მე-2 ადგილი დაიკავა.
მე-2 ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 2 იანვარს აიღებს, მალაგელთა მეტოქეები ესპანურივე “ვალენსია”, სერბული “ცრვენა ზვეზდა” და ფრანგული “ლიმოჟი” იქნებიან. მეოთხედფინალში გასასვლელად, შერმადინსა და მის თანაგუნდელებს პირველ ან მეორე პოზიციაზე გასვლა სჭირდებათ.
მალაგელები სასტარტო მატჩს, 2 იანვარს, სტუმრად ვალენსიაში ჩაატარებენ.