საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მეხუთე მატჩი მოიგო. ესპანელებმა თურქეთის “გაიზანთეფი” 69:67 დაამარცხეს.
ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება წაგებული მატჩის მოგება. აი, თუ არ გჯერათ: საფინალო სირენამდე 1:20 წუთით ადრე “გაზიანთეფი” 67:60-ს იგებდა. ფინელმა საშუ სალინმა სამქულიანით სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. მატჩის დასრულებას 26 წამი რომ უკლდა სანტი იუსტამ მორიგი სამქულიანით ტაბლოზე 66:67 დააფიქსირა.
თურქები ასეთ ანგარიშზეც გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ბურთის შემოტანისას 5 წამის წესი დაარღვიეს, ბურთი “ტენერიფეს” გადაეცა და სრულფასოვანი სეტევის განხორციელების საშუალებაც მიეცა. განახორციელა კიდეც – იმავე სალინმა სირენამდე 7 წამით ადრე სამქულიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 69:67.
“გაზიანთეფის” ბოლო შეტევა გიორგი შერმადინმა დაფარებით ჩაშალა და “ტენერიფემაც” მნიშვნელოვანი საშინაო მოგება გაიფორმა.
გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 23 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახდა – 20 ქულა.
“ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს ლატვიაში, 19 ნოემბერს “ვეფ რიგასთან” გამართავს.